სამეცნიერო პრაქტიკა

       თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაწრფივი პროცესების ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი (ლაბორატორიის ხელმძღვანელი – ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ადამაშვილი).
ლაბორატორია დაარსდა 1987 წელს. სამუშაოდ მიმიწვიეს 1988 წელს. ერთი წლის მუშაობის შემდეგ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ გავფორმდი მეცნიერებათა კანდიდატის ხარიხის მოსაპოვებლად მაძიებლად.
კვლევები მიმდინარეობდა თეორიულ ფიზიკაში. კერძოდ, არაწრფივი პროცესების ფიზიკის განხრით. ჩემი მონაწილეობით შესწავლილი იქნა  მრავალფენიან მაგნიტურად მოწესრიგებულ გარემოში არაწრფივი ზედაპირული აკუსტიკური სოლიტონების ფორმირებისა და  გავრცელების პირობები.  ჩაწერილ იქნა ინტეგრალურ–დიფერენციალური არაწრფივი ტალღური განტოლება, შემუშავდა მისი ამოხსნის მეთოდი. ამონახსნები განსაზღვრული საწყისი პირობების გათვალისწინებით აღმოჩნდა სოლიტონის ტიპის (ორმაგი სოლიტონი –ბრიზერი) არაწრფივი ტალღები, რომლებიც გარემოში უნიკალურად მიულევადი ამპლიტუდით ვრცელდებიან.
კვლევების მიმდინარეობისას როგორც ჩემი ავტორობით, ისე თანაავტორობით  გამოქვეყნდა ნაშრომები  ქართულ და  უცხოურ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში (Журнал "Физика твердого тела"–მოსკოვი, Журнал „Физика и Техника Полупроводников“–კიევი და სხვა) ამავე თემაზე ჩემს მიერ 1998 წლის სექტემბერში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაცული იქნა დისერტაცია თეორიულ ფიზიკაში ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 10 წლის შემდეგ ზემოაღნიშნული კვლევის თეორიული შედეგები ექსპერიმენტულად დადასტურდა  უცხოეთის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში.
მაგალითისთვის, არაწრფივი ტალღის ერთ–ერთ მაკროსკოპულ გამოვლინებას წარმოადგენს „როსბის სოლიტონი“. იგი  განსაზღვრავს გალაქტიკის სპირალურ სტრუქტურას; აგრეთვე დიდი წითელი ლაქა რომელიც უკანასკნელი 300 წლის განმავლობაში ნათლად ჩანს იუპიტერზე,   წარმოადგენს „როსბის სოლიტონის“ ტიპის არაწრფივ განმხოლოებულ ტალღას.
   

       
      




No comments:

Post a Comment