სკოლის მართვის პრაქტიკა

     სკოლის დირექტორის პოზიციაზე მუშაობა დავიწყე 1994 წელს.  თბილისის ერთ–ერთი გარეუბნის (ზემო ფინიჭალა) №70 საშუალო სკოლაში, რომელიც უამრავი პრობლემის წინაშე იდგა.  თითქმის მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურითა და დამსხვრეული ფანჯრებით შეუძლებელი იყო დამაკმაყოფილებელი საგაკვეთილო პროცესის განხორციელებაც კი. 1400 მოსწავლიან სკოლაში ფუნქციონირებდა მხოლოდ ერთი საერთო ტუალეტი, რომლითაც რიგ–რიგობით სარგებლობდნენ მასწავლებლები და მოსწავლეები. სახელმწიფოსგან გაწეული დახმარება განისაზღვრებოდა მხოლოდ მწირი იმ დროისთვის მიზერული სახელფასო დაფინანსებით.  ამ და სხვა მრავალი სირთულის გამო წინამორბედმა დირექტორებმა საკუთარი სურვილით დატოვეს დაკავებული თანამდებობები.
        ჩემი დირექტორად დანიშვნის შემდეგ, საერთო დაინტერესების საფუძველზე დაუყოვნებლივ იქნა მშობელთა გაფართოებული კრება მოწვეული, რომელზეც მოხდა შეთანხმება დირექციასა და მშობლებს შორის, ერთობლივი ძალისხმევითა და გვერდში დგომით ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ. პარალელურად ჩემს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სასწავლო პროცესში ძირეული ცვლილებებისა და რეფორმების გატარების თაობაზე პრაქტიკულად არარსებული საკანონმდებლო ბაზის პირობებში ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში. (არ არსებობდა კანონი ზოგადი განათლების შესახებ, სკოლის დებულება და სხვა).
1999 წელს ჩემ მიერ შემუშავებული და თბილისის განათლების მთავარი სამმართველოს მიერ დამტკიცებული იქნა „თბილისის ფუნდამენტურ მეცნიერებებზე პროფილირებული №70 სკოლის“ დებულება. რომლის შესაბამისად სკოლაში მ–7 კლასებიდან ხორციელდებოდა პროფილიზაცია როგორც ფუნდამეტური მეცნიერებების პროფილით, ისე სახელობო მიმართულებებით; საწავლო გეგმები (სასწავლო ბადეები) პროფილირებულ კლასებში ყოველწლიურად მტკიცდებოდა განათლების სამინისტროში; პროფილირებულ კლასებში მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 20. პირველად თბილისის სახელმწიფო სკოლებში მასწავლებლებსა და სკოლას შორის ჩამოყალიბდა საკონტრაქტო ვადიანი ურთიერთობები; დამტკიცდა საშტატო განრიგი; დამატებით ხელშეკრულება გაფორმდა სკოლასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, რომლის თანახმადაც სკოლა ცხადდებოდა საუნივერსიტეტო სკოლად, სადაც სპეციალურ დისციპლინებში გაკვეთილებს ჩაატარებდნენ უნივერსიტედიდან მოწვეული პროფესორმასწავლებლები (ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, ფიზიკის დეპარტამენტის თავმდომარე –აკაკი გიგინეიშვილი,(ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი –ნოდარ გაფიშვილი, (ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი – თრნგიზ აბულაძე და სხვები); უნივერსიტეტი სკოლას ეხმარებოდა ფიზიკა–ტექნიკური ლაბორატორიების ტექნიკური საშუალებებით აღჭურვაში; სკოლის წარმატებით კურსდამთავრებულები უგამოცდოთ ირიცხებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის სპეციალობებზე, რაც იმ დროინდელი კორუფციული სისტემის პირობებში დიდი შეღავათი იყო ნიჭიერი და  ხელმოკლე ოჯახებიანი მოსწავლეებისთვის; სკოლაში შეიცვალა ტრადიციული გამოცდების სისტემა, რომელიც პრაქტიკულად გამორიცავდა დაინტერესებული მასწავლებლების სუბიექტურ დამოკიდებულებებს მოსწავლეთა შეფასებისას. გამოცდებს ატარებდნენ არასპეციალისტი და ნაკლებად დაინტერესებული მეთვალყურეები, ხოლო გამსწორებლები ვერ ახდენდნენ ნამუშევრების იდენტიფიკაციას; ამ სისტემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში, რადგან მათი კვლევების საფუძველზე სკოლა საქრთველოს მასშტაბით ყველაზე ობიექტური სკოლების საუკეთესო ხუთეულში აღმოჩნდა. საგამოცდო ცენტრთან დამყარდა მჭიდრო ურთიერთობები (გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი – მერაბ თოფურია), გაიზიარეს ჩვენი გამოცდილებებიც და 2005 წლის პირველ ეროვნულ გამოცდებში ჩართულნი იყვნენ და დღემდე აგრძელებენ მუშაობას ჩვენს პროექტებში მონაწილე 50-მდე თანამშრომელი. ამ სხვა მრავალმა ინოვაციურმა ინიციატივამ გამოღო შედეგად ის, რომ პირველივე ეროვნულ გამოცდებზე ჩვენმა კურსდამთავრებულებმა თითოეული პროფილირებული კლასიდან 50% მოსწავლეებისამ სახელმწიფოსგან სრული დაფინანსება მიიღო. 





No comments:

Post a Comment